აუდიტის სამსახურმა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის 2016-2017 წლებში სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული და განსაკარგავად გადაცემული ქონების განკარგვის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. სამსახურის ცნობით, ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონით გაყიდვის ფასი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა შეფასებული ღირებულებისგან. გარდა ამისა, ძვირფასი ლითონის, ძვირფასი ქვებისა და მათი ნაწარმის აუქციონზე გატანა შეფასების პირვანდელი ღირებულებით შეფასებიდან ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგ ხორციელდებოდა.
ამასთან, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნებთან შეუსაბამოდ, 23 შემთხვევაში აუქციონზე ქონების გაყიდვისას არ განხორციელებულა მათი მდგომარეობის სრულყოფილი შემოწმება. შედეგად, აუქციონებით გაყიდული ნივთების რეალური მდგომარეობა აუქციონის აღწერილობას არ ემთხვეოდა და მყიდველებისთვის გადახდილი თანხების უკან დაბრუნება ხდებოდა. ეს კი ნეგატიურად მოქმედებს აუქციონის სანდოობის ხარისხზე და შესაძლოა აუქციონებში პოტენციური მყიდველების დაინტერესების კლება გამოიწვიოს.