აშშ-ის უისკონსის შტატში, ქალაქ მილოუკიში, სასმელების კომპანია "მოლსონ კორსის" შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა და სროლა ატეხა. დაღუპულია კომპანიის ხუთი თანამშრომელი და დაჭრილია რამდენიმე, - ამის შესახებ ინფორმაციას "სი-ენ-ენი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაღუპულია 51 წლის თავდამსხმელიც, რომელიც იმავე ქალაქის მკვიდრია. მან ჭრილობა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით მიიყენა. კომპლექსი, სადაც ინციდენტი მოხდა, ლუდის ორ ქარხანასა და კორპორატიულ ოფიცებს აერთიანებს.
მომხდარზე კომენტარი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც გააკეთა. მან თავდამსხმელს "ბოროტი მკვლელი" უწოდა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.