ფლორიდის უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის კვლევების ცენტრმა შექმნა სპეციალიზირებული რობოტი, რომელიც მარწყვის კრეფისთვისაა განკუთვნილი. როგორც ტელეკომპანია WDBO (დაბლიუ დიბიოუ) იუწყება, ავტონომიურად მოძრავი აპარატი სახელწოდებით Berry დიზელის აგრეგატზე მუშაობს.
ის აღჭურვილია მაღალი გარჩევადობის კამერებით, რათა მარწყვი ფოთლებში კარგად მოძებნოს. ასევე აღჭურვილია ძლიერი კომპიუტერით, 16 ეფექტორით, რომლებიც რბილი პლასტიკისგანაა შემქნილი და რომელთა საშუალებითაც მარწყვის მოკრეფა, შემდეგ კი მისი ბუნკერში ტრანსპორტირება ხდება.
კიდევ ერთი თვითმავალი აპარატი, სახელწოდებით Thorvald-ი (თორვალდ), რომელიც ელემენტებზე მუშაობს, უკვე მარწყვის დამუშავებაზეა პასუხისმგებელი. ის ულტრაიისფერი სხივით ამუშავებს ნერგებს, რათა დაიცვას ისინი სხვადასხვა დაავადებებისგან. აღსანიშნავია, რომ ადრე მსგავსი რობოტები მხოლოდ სასათბურე პირობებში გამოიყენებოდა, ახლა კი მათი ექსპლუატაცია დიდ ფერმაში ხდება.
ცნობისთვის, ამ რობოტების შესაქმნელად ამერიკის ეროვნულმა სასწავლო ფონდმა 2016 წელს 1 მილიონი დოლარის გრანტი გამოყო.