აშშ-ში გაერთიანებული სამეფოდან ჩასულ მგზავრებს კორონავირუსზე ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული ტესტის უარყოფით პასუხს მოსთხოვენ. შეზღუდვა ძალაში მომავალი კვირის ორშაბათიდან შევა. მისი მიზანი კოვიდ 19-ის ახალი შტამის გავრცელების თავიდან აცილებაა.
ახალი წესის თანახმად, გაერთიანებული სამეფოდან შეერთებულ შტატებში მიმავალმა მგზავრებმა ავიაკომპანიებს კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის ლაბორატორიული შედეგის შესახებ წერილობითი დოკუმენტაცია ნაბეჭდი ან ელექტრონული სახით უნდა წარუდგინონ.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, მიიღება როგორც PCR ასევე ანტიგენზე დაფუძნებული ტესტის პასუხი.