დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, შეერთებულ შტატებში დროებითი სამუშაო ვიზის წესები შეიცვლება და რეგულაციები გამკაცრდება. როგორც ცნობილია, ცვლილება ძალაში 60 დღის შემდეგ შევა.
BBC-ის ინფორმაციით, ცვლილება ქვეყანაში ყველაზე გავრცელებულ ვიზებს შეეხება, რომლებიც ტექნოლოგიურ კომპანიებს საშუალებას აძლევს უცხოელები, უმეტესად ჩინელები და ინდოელები, სამუშაოდ გარკვეული ვადით დაიქირაოს.
როგორც ცნობილია, წელიწადში ასეთი 85 ათასზე მეტი ვიზა გაიცემა, მათგან 2/3-ს ინდოელები შეადგენენ, 10%-ს კი ჩინელები. მათი უმეტესობა ისეთ მსხვილ კომპანიებში მუშაობს, როგორებიცაა Amazon, Apple, Facebook, Microsoft, Netflix, Twitter და სხვა.
გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩნენ ტექნოლოგიური ფირმები, რომლებიც უცხოელების დასაქმებით საკმაოდ დიდ თანხას ზოგავენ. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის განმარტებით კი, კორონავირუსის პანდემიის პირობებში მილიონობით ამერიკელმა სამსახური დაკარგა და ადგილობრივმა კომპანიებმა, მათ შორის ტექნოლოგიურმა ფირმებმა, ამერიკის უფრო მეტი მოქალაქე უნდა დაასაქმონ.