ამერიკის შეერთებული შტატების საგადასახადო ორგანოებმა დაიწყეს გამოძიება მილიარდერების საგადასახადო მონაცემების გაჟონვის შესახებ, რომელთა შორის არიან Berkshire Hathaway-ის გენერალური დირექტორი უორენ ბაფეტი, Amazon-ის თავკაცი ჯეფ ბეზოსი, ნიუ-იორკის ყოფილი მერი და ბიზნესმენი მაიკლ ბლუმბერგი და Tesla-ს ხელმძღვანელი ილონ მასკი. ამის შესახებ ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.
ამერიკის საგადასახადო ორგანოების კონფიდენციალური მონაცემები გამოცემა ProPublica-მ გაავრცელა. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ათასი უმდიდრესი ამერიკელის საგადასახადო დეკლარაციები და დაადგინეს, რომ 25 უმდიდრესი ამერიკელი, მათ შორის ბაფეტი, ბლუმბერგი, ბეზოსი და მასკი იმაზე ნაკლებ მოგების გადასახადს იხდიდნენ, ვიდრე საერთო წესით იყო დადგენილი. კერძოდ, ჟურნალისტების გამოძიებით, ამ ადამიანებმა 401 მილიარდი დოლარის ჯამური ქონების ფონზე 2014-2018 წლებში გადაიხადეს 3,4% ფედერალური გადასახდელი ანუ 13 მილიარდ 600 მილიონი დოლარი.
ამერიკის გადასახადების კომისარმა განაცხადა, რომ სააგენტომ დაიწყო გამოძიება, რათა დაადგინოს გაჟონვის წყარო. მისი თქმით, ის იზიარებს თითოეული ამერიკელის წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ გასაჯაროვდა კონფიდენციალური ინფორმაცია. ProPublica-ში კი აცხადებენ, რომ არ იციან წყაროს ზუსტი ვინაობა და მისი მოტივი.