იმ შემთხვევაში, თუ სეული სამხრეთ კორეაში განთავსებულ ამერიკულ ჯარს დაფინანსებას არ გაუზრდის, აშშ ქვეყნიდან შეიარაღებული ძალების ერთ ბრიგადას გაიყვანს, - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" კორეულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აშშ სეულისგან დაფინანსების 5 მილიარდ დოლარამდე გაზრდას ითხოვს, რაც ახლანდელ ხარჯს თითქმის 5-ჯერ აღემატება.
"იმ შემთხვევაში, თუ სამხრეთ კორეასთან მოლაპარაკებები ისე არ წავა, როგორც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს, აშშ ქვეყნიდან ერთ ბრიგადას გაიყვანს", - წერს სამხრეთ კორეულ გამოცემა Chosun Ilbo.
გამოცემის განმარტებით, დღესდღეობით სამხრეთ კორეაში დაახლოებით 28,500 ამერიკელი ჯარისკაცია განთავსებული. აშშ-ის ხელისუფლებას კი მისი ერთი ბრიგადით, ანუ დაახლოებით 4 000 ჯარისკაცით შემცირება სურს.