ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი დაამტკიცა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, ამ დოკუმენტის მიღებას საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო მაღალ დონეზე აჰყავს. ორპარტიული კანონპროექტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის. გარდა ამისა, მასში განსაკუთრებულ ყურადღებას ეთმობა აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას. კანონპროექტის მნიშვნელობის შეფასებისას დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა დოკუმენტის იმ ნაწილს, რომელიც საქართველოსა და ამერიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებას უკავშირდება. ზალკალიანის თქმით, აშშ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პირველად დაამტკიცა საქართველოს მხარდამჭერი აქტი, როგორც ცალკემდგომი დოკუმენტი, რომელიც მხოლოდ საქართველოს ეხება.