გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან აქციას მართავენ. როგორც თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოჯახის მოთხოვნაა საქმეში FBI ჩაერთოს.
ბაჩალიაშვილებს აშშ-ს ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრაც სურთ.
თეონა თამაზაშვილმა საელჩოს შენობის წინ დაიჩოქა და საქმის ობიექტურად გამოძიება კიდევ ერთხელ ითხოვა. მისი თქმით, თუ უახლოეს დღეებში საქმის გამოძიებაში გამოძიების ფედერალური ბიურო არ ჩაერთვება, ის შიმშილობას დაიწყებს. აქციაზე ცოტახნის წინ მალხაზ მაცალიკაშვილიც მივიდა და ბაჩალიაშვილებს თანადგომა გამოუცხადა.
თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.