პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისი განმარტებით, აშშ-ს საელჩოს არ უთქვამს, რომ მიმდინარე პროცესი რომელიმე საერთაშორისო სტანდარტს ეწინააღმდეგება - მათ აქვთ სურვილი, პროცესი წარიმართოს მაქსიმალურად ინკლუზიურად, ოპოზიცია კი სრულად იყოს ჩართული. ამასთან, ანრი ოხანაშვილის თქმით, ოპოზიციის მხრიდან არ გამოთქმულა მზაობა, მხარეებს შორის დაწყებულიყო კონსულტაცია თანამშრომლობასთან დაკავშირებით. უმრავლესობას კი კონსულტაცია და კომუნიკაცია ექნება საერთაშორისო პარტნიორებთან, სადაც ისინი გაცვლიან თავიანთ პოზიციას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის საკითხის შესახებ.