აშშ-ს ფედერალური ძალები პორტლენდიდან ეტაპობრივი გამოსვლისთვის მზად არიან. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათი ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია მზადაა, ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდიდან ფედერალური ძალების ნაწილი გაიყვანოს.
როგორც ორეგონის გუბერნატორმა, ქეით ბრაუნმა აღნიშნა, ფედერალური აგენტები შტატის ყველაზე დიდი ქალაქიდან ეტაპობრივად გასვლას დღეს, ხუთშაბათს დაიწყებენ. აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მდივანს, ჩად ვულფს ქალაქიდან გამოსვლის ვადებზე არ უსაუბრია, თუმცა, მისი თქმით, ის და გუბერნატორი შეთანხმდნენ "პორტლენდში ფედერალური საკუთრებისა და სამართალდამცავებისადმი მიმართული ძალადობის დასრულების ერთობლივ გეგმაზე". მათ შორის, გეგმა პორტლენდში ორეგონის შტატის პოლიციის მძლავრ ყოფნასაც მოიცავს. მისი თქმით, ქონებისა და ქუჩების დაცვას შტატისა და ადგილობრივი სამართალდამცავები დაიწყებენ. ქალაქ პორტლენდში დემონსტრაციები 62 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
რაც შეეხება სიეტლს, ქალაქი ფედერალურმა სამართალდამცავებმა უკვე დატოვეს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ აშშ-ის დიდ ქალაქებში, მათ შორის სიეტლსა და პორტლენდში, ფედერალური სამართალდამცავების გაგზავნის მიზანი იქ მიმდინარე ანტირასისტულ საპროტესტო აქციების გაკონტროლება და ძალადობის ფაქტების აღკვეთა იყო.
ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლების თქმით კი, ფედერალური აგენტები სიტუაციიის კიდევ უფრო დაძაბვას იწვევენ.