აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით ინტელექტუალური საკუთრების უფლებაზე გამონაკლისის დაშვებას, რომელიც განვითარებად ქვეყნებს ვაქცინების პატენტებსა და ტექნოლოგიებზე წვდომის საშუალებას აძლევს, რაც, თავის მხრივ, ვაქცინების ამ ქვეყნებში წარმოების შესაძლებლობას იძლევა. Reuters-ის თანახმად, გამონაკლისის ამოქმედებას, შესაძლოა, რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები დასჭირდეს, რადგან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გადაწყვეტილებები 164-ვე წევრის თანხმობას მოითხოვს.
აქამდე შეერთებული შტატები და რამდენივე სხვა ქვეყანა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში აღნიშნულ საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებს ბლოკავდნენ. გამონაკლისის დაშვების ინიციატივის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ, დამტკიცების შემთხვევაში, ის ხელს შეუწყობს ვაქცინების წარმოების გაზრდას.
კრიტიკოსები კი ირწმუნებიან, რომ კოვიდ 19-ის ვაქცინების წარმოება კომპლექსურია და ახალ ობიექტებში წარმოების დაწყებამ, შესაძლოა, არსებულ ობიექტებში წარმოების ზრდას ხელი შეუშალოს.