აშშ-მა ბრაზილიიდან უცხოელი მგზავრების მიღება შეაჩერა, - ამის შესახებ ინფორმაციას "სიენენი" ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პროკლამაცია გამოსცა, სადაც აღნიშნულია, რომ ყველა უცხოელს, როგორც იმიგრანტს ასევე არაიმიგრანტს, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში ბრაზილიაში იმყოფებოდნენ, აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალება.
"ჩავთვალე, რომ ამერიკის ინტერესების დაცვის გამო საჭიროა, აშშ-ში შესვლა შეეზღუდოს და აეკრძალოს ყველა უცხოელს, როგორც იმიგრანტს, ასევე არაიმიგრანტს, რომელიც ბოლო 14 დღის განმავლობაში ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ყოფილა", - განაცხადა ტრამპმა.
თეთრი სახლის პრესმდივნის კეილი მაკენანის თქმით, ამ ნაბიჯის განხორციელების შედეგად ბრაზილიიდან ჩასული უცხო ქვეყნების მოქალაქეები აშშ-ში ინფექციის გავრცელების ახალი წყარო აღარ გახდებიან. მისივე განმარტებით, შეზღუდვა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობას არ შეეხება.
ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, ბრაზილიაში კორონავირუსის 347 000 შემთხვევაა დადასტურებული. კორონავირუსის გავრცელების რაოდენობით მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მეორე ადგილზეა.