შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა სავაჭრო შეთანხმება გააფორმეს. დოკუმენტს ხელი აშშ-ის მხრიდან პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ჩინეთის მხრიდან კი - ჩინეთის ვიცე-პრემიერმა ლიუ ჰემ მოაწერეს. შეთანხმება ჩინეთის მიერ დამატებით სულ მცირე 200 მილიარდი დოლარის ამერიკული სასოფლო-სამეურნეო და სხვა პროდუქციისა და მომსახურების შეძენას ითვალისწინებს. სანაცვლოდ კი აშშ ჩინეთისთვის დაკისრებულ ზოგიერთ ტარიფს ანახევრებს. თუმცა, სასაზღვრო გადასახადების უმეტესი ნაწილი კვლავ ძალაში რჩება, რის გამოც ბიზნეს ჯგუფები ორ ქვეყანას მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდებენ.
"ჩვენ ერთად ვასწორებთ წარსულის შეცდომებს და ეკონომიკური სამართლიანობისა და უსაფრთხოების მომავალს უზრუნველვყოფთ, უფრო მეტიც, ეს შეთანხმება ხელს უწყობს მსოფლიო მშვიდობას", – განაცხადა ტრამპმა ჩინეთის ვიცე-პრემიერმა კი აღნიშნა, რომ შეთანხმება "თანასწორობასა და ურთიერთპატივისცემას" ეფუძნება და ყველა მხარისთვის მომგებიანია.
შეგახსენებთ, "ტარიფების ომი" აშშ-სა და ჩინეთს შორის 2018 წელს დაიწყო და შედეგად, 450 მილიარდ აშშ დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი საიმპორტო გადასახადები დაწესდა. ორ ქვეყანას შორის არსებულმა დავამ შეაფერხა იმპორტ-ექსპორტის მოცულობა, გლობალური ეკონომიკური ზრდა და დააზარალა ინვესტორები.