შეერთებული შტატების ხელისუფლება კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნას ამ ეტაპზე არ გეგმავს, რისი მიზეზიც უფრო გადამდები „დელტა“ ვარიანტის გავრცელება და აშშ-ში ახალი შემთხვევების ზრდაა,- ინფორმაციას Reuters-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.
”იმის გათვალისწინებით, თუ სად ვართ დღეს „დელტა“ ვარიანტის გამო, ამ ეტაპზე სამოგზაურო შეზღუდვებს შევინარჩუნებთ”, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ. მისი თქმით, აშშ-ში „დელტა“ ვარიანტით გამოწვეული შემთხვევები იზრდება, განსაკუთრებით კი არავაქცინირებულ ადამიანებს შორის. „როგორც ჩანს, ეს ზრდა მომავალი კვირების განმავლობაშიც გაგრძელდება,“- აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
ცნობისათვის, შეერთებულ შტატებში ამჟამად აკრძალულია აშშ-ის არამოქალაქე იმ პირების შესვლა, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ გაერთიანებულ სამეფოში, შენგენის ქვეყნებში ან ირლანდიაში, ჩინეთში, ინდოეთში, სამხრეთ აფრიკაში, ირანსა და ბრაზილიაში.
აშშ – ში ახალი შემთხვევების შვიდი დღის საშუალო მაჩვენებელი წინა კვირასთან შედარებით 53% –ით გაიზარდა, დაინფიცირების ახალი შემთხვევების 80% კი „დელტა“ ვარიანტზე მოდიოდა.