აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წარმომადგენლებმა სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებული ბრალდება ოფიციალურად შეიტანეს. ბრალდების თანახმად, დონალდ ტრამპს მხარდამჭერების მიმართ წარმოთქმული სიტყვით 6 იანვრის ამბოხების სტიმულირებაში ედება ბრალი.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმესთან დაკავშირებული მოსმენა სენატში, სავარაუდოდ, 9 თებერვლიდან დაიწყება. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი 13 იანვარს გამოუცხადა.
დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი 10 რესპუბლიკელმა კონგრესმენმაც დაუჭირა. ყოფილი პრეზიდენტის დამნაშავედ ცნობისთვის სენატის წევრების 2/3-ის მხარდაჭერაა საჭირო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ ხმა 17-მა რესპუბლიკელმა სენატორმაც უნდა მისცეს.