ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე მარკ ესპერი დაამტკიცა. მან უკვე დადო ფიცი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანდასწრებით, რომელმაც ის ამ პოსტზე წარადგინა. თავდაცვის მდივნის თანამდებობა 7 თვე იყო ვაკანტური, მას შემდეგ რაც ტრამპთან საგარეო და თავდაცვით პოლიტიკასთან უთანხმოების გამო ჯეიმს მეტისი გადადგა.
მარკ ესპერი ყოფილი სამხედროა. ის მონაწილეობდა სპარსეთის ყურის პირველ ომში, როდესაც აშშ-მა საერთაშორისო კოალიციასთან ერთად ერაყის მიერ დაკავებული ქუვეიტი გაათავისუფლა. სენატში მოსმენის დროს ესპერმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე მიზანს უნდა მიაღწიონ. მზად უნდა იყვნენ კონკურენციის ახალი ეპოქისთვის მსხვილ სუპერსახელმწიფოებთან, და აშშ-ის მოკავშირეებთან მჭიდრო თანამშრომლობა უნდა გააგრძელონ.