აშშ-ის სენატმა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი კონსტიტუციურად ცნო და მის გაგრძელებას მხარი დაუჭირა.
Reuters-ის ინფორმაციით, იმპიჩმენტის პროცესის გაგრძელების სასარგებლოდ 56-მა სენატორმა მისცა ხმა, მათ შორის 6-მა „რესპუბლიკელმა“, წინააღმდეგი კი - 44 აღმოჩნდა. დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი რამდენიმე საათის წინ დებატებით გაიხსნა იმასთან დაკავშირებით, იძლევა თუ არა აშშ-ის კონსტიტუცია იმის უფლებას, რომ ყოფილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი მისი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ გაიმართოს.
იმპიჩმენტის პროცესი კონსტიტუციურად მხოლოდ ექვსმა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა მიიჩნია და შესაბამისად, მის გაგრძელებას დაუჭირა მხარი, რაც ბევრად ნაკლებია 17-ზე, ანუ „რესპუბლიკელი“ სენატორების იმ რაოდენობაზე, რაც საჭიროა იმისთვის, რომ დონალდ ტრამპი ბრალდებულად სცნონ და იმპიჩმენტი გამოუცხადონ.
დონალდ ტრამპს ბრალი 6 იანვრის ამბოხის წაქეზებაში ედება, რომლის დროსაც მისი მომხრეები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. ტრამპი პირველი პრეზიდენტი გახდა აშშ-ის ისტორიაში, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს.