ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეფიციტი გასული წლის ნოემბერში 8%-ით გაიზარდა ოქტომბერთან შედარებით და 68 მილიარდ 100 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მოსალოდნელ მაჩვენებლებზე მაღალია. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის ვაჭრობის სამინისტრო ავრცელებს.
ექსპერტებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ სავაჭრო ბალანსის დეფიციტი გაიზრდებოდა 67 მილიარდ 300 მილიონ დოლარამდე ნოემბერში. ისინი მოსალოდნელზე მეტ ზრდას დღესასწაულებზე მოსახლეობის მხრიდან პროდუქციის მასიურ შეძენას უკავშირებენ.
ამავე მონაცემების თანახმად, აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში იმპროტი 2,9%-ით გაიზარდა წინა თვესთან შედარებით და 252 მილიარდ 300 მილიონი დოლარი შეადგინა. ექსპორტი კი 1,2%-ით გაიზარდა და 184 მილიარდ 200 მილიონი დოლარი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ სავაჭრო დეფიციტის შემცირება იყო ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უმთავრესი საარჩევნო დაპირება, ამ მიზნით მან არაერთი რეგულაცია აამოქმედა და არაერთი სავაჭრო ხელშეკრულება გააფორმა ბოლო წლებში.