აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ცენტრალურ ევროპაში ერთკვირიანი ტურნე დაიწყო. პომპეო უნგრეთს, სლოვაკეთსა და პოლონეთს ეწვევა. როგორც ევრონიუსი წერს, აშშ-ის მიერ ამ სამი ქვეყნის მიმართ ყურადღების ნაკლებობის გამო, კარი გაეხსნა ჩინეთისა და რუსეთის გავლენას რეგიონში, სწორედ აღნიშნული ვითარების გამოსწორებას ემსახურება მაიკ პომპეოს დაგეგმილი ვიზიტებიც. "აშშ მზად არის გაზარდოს დიპლომატიური, სამხედრო, ფინანსური და კულტურული ჩართულობა ცენტრალურ ევროპაში იმისათვის, რომ გააძლიეროს ამ რეგიონის კავშირები დასავლეთთან, ვინაიდან მათზე რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან ზეწოლა გაიზარდა" - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. შეგახსენებთ, ამერიკელი დიპლომატების მხრიდან მსგავსი დონის ვიზიტი სლოვაკეთში ბოლო 20 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა, უნგრეთში კი მაშინდელი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი 2011 წელს იმყოფებოდა.