შეერთებულ შტატებში აცხადებენ, რომ მათ გამოავლინეს რუსეთის სადაზვერვო და უშიშროების სამსახურების მიერ მხარდაჭერილი ონლაინსაშუალებები, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების Pfizer-სა და Moderna-ს საწინააღმდეგო ინფორმაციას ავრცელებენ.
"ეს მედიასაშუალებები ავრცელებენ მრავალი სახის დეზინფორმაციას, მათ შორის, Pfizer-სა და Moderna-ს ვაქცინების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, სამხედრო კონფლიქტების, საპროტესტო გამოსვლებისა და ნებისმიერი საკამათო საკითხის შესახებ“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ჩართულობის ცენტრმა, რომელიც პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული კამპანიების წინააღმდეგ არის მიმართული, სამი ასეთი ონლაინ საშუალება გამოავლინა.
“დეპარტამენტი გააგრძელებს რუსეთის მიერ ინტერნეტის საშუალებით განხორციელებული მანკიერი ქმედებების გამოაშკარავებას. ასევე გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, იმისთვის, რომ დეზინფორმაციის წინააღმდეგ გლობალური რეაგირება მოვახდინოთ,” - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.