ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკის შეერთებული შტატები თვალს ადევნებს ცნობებს სამხედრო ძალის ზრდის შესახებ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს. სახელმწიფო დეპარტამენტი ყველა მხარეს მოუწოდებს, თავიდან აიცილონ ესკალაცია და იმუშავონ ევროკავშირის სადამკვირვებლოი მისიის „ცხელი ხაზისა“ და ჟენევის თანათავმჯდომარეთა მეშვეობით, შექმნილი ვითარების დასარეგულირებლად. ამასთან სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს რუსეთს, გამოიყენოს ყველა ხელმისაწვდომი არხი შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.