საქართველოში აშშ-ის საელჩო ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამასთან, საელჩო კიდევ ერთხელ მოუწოდებს საოკუპაციო რეჟიმს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ გადასაკვეთი პუნქტების ჩაკეტვა.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საელჩო ხაზგასმით უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
შეგახსენებთ, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ გაიტაცეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. ოსური მედიის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.