აშშ-ის ლუიზიანას შტატის სანაპიროს ქარიშხალი „ლაურა“ დაატყდა თავს, რამაც წყალდიდობა გამოიწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ცენტრმა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა. „შეაფარეთ თავი მაგიდების ან სხვა მყარი ავეჯის ქვეშ, თავები და სხეულები საბნებით, ლეიბებითა და ბალიშებით დაიფარეთ,“ - ნათქვამია ქარიშხლების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მედიის ინფორმაციით, სტიქიის გამო შტატში 290 000-მდე ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. შეგახსენებთ, ქარიშხალი „ლაურა“ და „მარკო“ ცოტა ხნის წინ კარიბის ზღვის კუნძულებს დაატყდა თავს. სტიქიამ ყველაზე მეტად ჰაიტი დააზარალა, სადაც შტორმს სულ მცირე 21 ადამიანი შეეწირა.