ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა სანქციების ფარგლებში რუსეთს სუვერენული ვალის დოლარში გადახდის ლიცენზია შესაძლოა, აღარ გაუგრძელოს. ამის შესახებ საგენტო Bloomberg-ი საკითხის მცოდნე ანონიმურ პირებზე დაყრდნობით წერს.
უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (Office of Foreign Assets Control-OFAC), რომელიც ხაზინის დეპარტამენტის სტრუქტურაა, ეს ლიცენზია მიმდინარე წლის 2 მარტს გასცა, მისი ვადა კი 25 მაისს იწურება. ლიცენზია რუსეთს უფლებას აძლევს, ფასიან ქაღალდებში გადახდებისთვის საჭირო ტრანზაქციები აწარმოოს. 27 მაისს რუსეთს ევროობლიგაციების ორი ემისიის გადახდა უწევს.
Bloomberg-ის თანამოსაუბრეების ცნობით, შტატების ხაზინის ზოგიერთი ჩინოვნიკი ლიცენზიის განახლებას მხარს უჭერს, რომ რუსეთმა ვალების გადახდით ქვეყანაში შესული უცხოური ვალუტის ხარჯვა გააგრძელოს. თუმცა ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია საბოლოოდ უფრო მკაცრი სცენარისკენ გადაიხარა.
Bloomberg-ის ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. თეთრი სახლისა და შტატების ხაზინის წარმომადგენლებმა Bloomberg-თან კომენტარზე უარი განაცხადეს.