ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ ტაივანი ვალუტით მანიპულატორი ქვეყნების სიაში შეიყვანა და აღნიშნა, რომ ამ ქვეყნის ცენტრალური ბანკი აქტიურად ახორციელებს ფინანსურ ინტერვენციებს სავალუტო ბაზარზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება ფინანსური უწყების მიერ გავრცელებულ ნახევარი წლის ანგარიშში გამოქვეყნდა, რომელშიც გაანალიზებულია შტატების ძირითადი პარტნიორი ქვეყნების სავალუტო და ეკონომიკური პოლიტიკა.
ქვეყნების სავალუტო მანიპულატორების სიაში შეყვანა მეტწილად სიმბოლური აქტია. კანონმდებლობა ამერიკის ხელისუფლებას ავალდებულებს ამ ტიპის ქვეყნებთან მოლაპარაკებების დაწყებას პრობლემის აღმოსაფხვრელად და არ ითვალისწინებს უპირობო დაჯარიმებას.
ჩამონათვალში ამ დრომდე რჩებიან: შვეიცარია და ვიეტნამი, რომლებიც სიაში სამი თვის წინ მოხვდნენ. ხოლო „დაკვირვების“ რეჟიმში რჩებიან: ჩინეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, გერმანია, იტალია, ინდოეთი, სინგაპური, მალაიზია და ტაილანდი, რომლებსაც ახლა დაემატა ირლანდია და მექსიკა.