ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის დატყვევების ან მკვლელობის ოპერაციაზე თანხმობა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა გასცა, –ამის შესახებ აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში. დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სანქციების შესახებ განცხადება გააკეთა. სანქციების თანახმად, რომელსაც „ხაშოგის აკრძალვა“ ეწოდა, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლა 76 პირს აეკრძალება. შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ საუდის არაბეთის მთავრობამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ანგარიში „უარყოფითი, ცრუ და მიუღებელია“. ჯამალ ხაშოგი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში ვიზიტის დროს 2018 წელს მოკლეს.