აშშ ირანული ტანკერის გათავისუფლების შესახებ გიბრალტარის სასამართლოს გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია და სანქციებით იმუქრება, - ამის შესახებ Bloomberg-ი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ სანქციებით ემუქრება ყველა პორტს, ბანკს ან ბიზნესს, რომელსაც Grace 1-თან რამე კავშირი აქვს ან ექნება. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გიბრალტარის სასამართლოს გადაწყვეტილება "ახალისებს ირანულ ტერორიზმს".
შეგახსენებთ, გიბრალტარის უზენაესმა სასამართლომ დაკავებული ირანული გემის გათავისუფლების გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. მათი ინფორმაციით, გიბრალტარმა ირანისგან გარანტია მიიღო, რომ გემი, ტვირთს სირიაში არ გადატვირთავს.
ირანული ტანკერი 4 ივლისს დაკავეს, ვინაიდან გიბრალტარის მთავრობა ვარაუდობდა, რომ ტანკერს ნავთობი სირიაში ევროკავშირის სანქციების დარღვევით გადაჰქონდა.