ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია 1-ლი აპრილიდან იმპორტირებულ ფოლადზე იაპონიასთან მოქმედ საბაჟო ტარიფებს სრულად გააუქმებს. ტარიფები დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს დაწესდა.
The Wall Street Journal-ის ცნობით, ორმხრივი შეთანხმება იაპონიას საშუალებას მისცემს, შეერთებულ შტატებს 1,25 მლნ ტონა ფოლადი დაბეგვრის გარეშე მიაწოდოს.
აღნიშნული მოცულობის იმპორტს იაპონია 2018-2019 წლებში ეწეოდა. საბაჟო ტარიფების გაუქმება ამერიკელი შემსყიდველებისთვის ფოლადის იმპორტზე დანახარჯების შემცირებას შეუწყობს ხელს. თუმცა, გაცხადებულზე უფრო მეტი მოცულობის იმპორტის შემთხვევაში ტარიფი ისევ ამოქმედდება.
ანალოგიურ შეთანხმებას შტატებმა გასული წლის ოქტომბერში ევროკავშირთანაც მიაღწია.
ცნობისთვის, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 2018 წელს ევროკავშირიდან და იაპონიიდან იმპორტირებულ ფოლადზე 25%-იანი, ხოლო ალუმინზე 10%-იანი საბაჟო ტარიფი აამოქმედა. ალუმინის იმპორტზე საბაჟო ტარიფის გაუქმების შესახებ შეთანხმება ამ დროისთვის მიღწეული არ არის.