აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი 4 ივლისს გიბრალტარის სრუტეში დაკავებული ირანული ტანკერის გათავისუფლების წინააღმდეგია.
"ბისისის" ინფორმაციით, გიბრალტარი ტანკერის გათავისუფლებას რამდენიმე საათში გეგმავდა, თუმცა, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ამ პროცესის შეჩერების მოთხოვნა გიბრალტარს გაუგზავნა. საქმის განხილვა გიბრალტარის უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლებს.
შეგახსენებთ, ირანული ტანკერი Grace 1 დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-სასაზღვრო ფლოტმა გიბრალტარის სრუტეში გიბრალტარის მთავრობის თხოვნის საფუძველზე 4 ივლისს დააკავა.
გიბრალტარის მთავრობა ვარაუდობდა, რომ ტანკერს ნავთობი სირიაში ევროკავშირის სანქციების დარღვევით გადაჰქონდა. ტანკერის დაკავებამ ირანსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების დაძაბვა გამოიწვია.