შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო ომანის სანაპიროსთან ნავთობმზიდზე განხორციელებულ თავდასხმაში, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ირანს ადანაშაულებენ. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დომინიკ რააბის განცხადებით, ლონდონში ფიქრობენ, რომ ირანმა ტანკერ Mercer Street-ის წინააღმდეგ ერთი ან მეტი დრონი გამოიყენა, რაც „საერთაშორისო სამართლის მიზანმიმართული და აშკარა დარღვევაა.“ ”ირანმა უნდა შეწყვიტოს ასეთი თავდასხმები და გემებს უნდა მიეცეთ თავისუფლად ნავიგაციის უფლება”, - აღნიშნა რააბმა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, ვაშინგტონი "დარწმუნებულია, რომ თავდასხმა ირანმა განახორციელა" და რომ ამას "შესაბამისი პასუხი" მოჰყვება. ხუთშაბათს ომანის სანაპიროზე თავდასხმა განხორციელდა ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ნავთობის ტანკერ Mercer Street-ზე, რომელსაც ისრაელური კომპანია Zodiac Maritime-ი მართავს. თავდასხმას ორი ადამიანის - რუმინეთის და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა.