ამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთიდან დაახლოებით 5 000 ჯარისკაცს გაიყვანს და ხუთ ბაზას დახურავს, - ამის შესახებ ზალმაი ხალიზადმა განაცხადა, რომელიც აშშ-სა და მოძრაობა "თალიბანს" შორის გამართულ მოლაპარაკებებში აშშ-ს წარმოადგენდა.
სააგენტო "როიტერსის" ინფორმაციით, აშშ-ს ამ ნაბიჯის გადადგმას თალიბებთან რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ მიღწეული შეთანხმება ავალდებულებს.
აღსანიშნავია, რომ შეთანხმების თანახმად, შეერთებულმა შტატებმა პირველ ეტაპზე გათვალისწინებული რაოდენობის ჯარისკაცების გაყვანა და ბაზების დახურვა 135 დღის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს. როგორც ხალიზადმა ტელეკომპანია Tolo News-თან ინტერვიუში განაცხადა, ხელშეკრულების საბოლოო ხელმოწერამდე საჭიროა, რომ დოკუმენტი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაამტკიცოს.
ამერიკული ჯარის გაყვანის სანაცვლოდ "თალბანმა" უნდა აიღოს ვალდებულება, რომ ისეთ დაჯგუფებებს, როგორიც "ალქაიდა" და "ისლამური სახელმწიფოა", არ მისცეს საშუალება, ავღანეთის ტერიტორია აშშ-სა და მის მოკავშირეებზე თავდასხმის დაგეგმისთვის გამოიყენონ.