აშშ აცხადებს, რომ საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებზე თავდასხმა სამხრეთ-დასავლეთ ირანიდან არა მხოლოდ დრონების, არამედ საკრუიზო რაკეტების საშუალებითაც განხორციელდა, - ამის შესახებ "როიტერსს" სამმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ისურვეს.
საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრი დღეს პრესკონფერენციის გამართვას აპირებს, სადაც, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, იმ მტკიცებულებებზე აპირებს საუბარს, რომელიც, ნავთობტერმინალებზე თავდასხმაში ირანის მონაწილეობას ამტკიცებს.
შეგახსენებთ, 14 სექტემბერს საუდის არაბეთში ორ ნავთობტერმინალზე თავდასხმა განხორციელდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. შეერთებულმა შტატებმა აღნიშნულ თავდასხმაში, რომელზეც პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს, ირანი დაადანაშაულა, თუმცა ირანის პრეზიდენტმა ამ ბრალდებას "უაზრო და გაუგებარი" უწოდა.
თავდასხმის გამო, ნავთობის წარმოება დღეში 5.7 მილიონი ბარელით შემცირდა, რაც მსოფლიო ნავთობის გლობალური მიწოდების 5 პროცენტია. ექსპერტების ვარაუდით, იმისათვის, რომ ნავთობტერმინალები ნორმალურ ფუნქციონირებას დაუბრუნდნენ, რამდენიმე კვირაა საჭირო.