ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ისრაელის მთავრობის მრჩეველ მეირ ბენ-შაბათთან სატელეფონო საუბრისას იერუსალიმში ბოლო დღეებში მომხდარი ძალადობრივი შეტაკებების გამო სერიოზული შეშფოთება გამოხატა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„სალივანმა მოუწოდა ისრაელის მთავრობას, მიიღოს შესაბამისი ზომები იერუსალიმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე სიმშვიდის უზრუნველსაყოფად,“- აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, სატელეფონო საუბრის დროს ჯეიკ სალივანმა სერიოზული შეშფოთება პალესტინელი ოჯახების თავიანთი სახლებიდან შესაძლო გამოსახლების საკითხზე.
თეთრი სახლის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სალივანმა დაადასტურა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ვალდებულება ისრაელის უსაფრთხოების, ისევე როგორც მთელს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის მიმართ და განაცხადა, რომ აშშ მომავალი დღეების განმავლობაში „სრულად იქნება ჩართული იერუსალიმში სიმშვიდის უზრუნველსაყოფად".