ართროზი სახსრების დისტროფიული დაავადებაა, რომელსაც სახსარშიდა ხრტილოვანი ქსოვილის ნელი რღვევა უკავშირდება. ართროზის დროს, სახსარში ხანგრძლივად მიმდინარე პათოლოგიური პროცესის შედეგად, ძვლების სასახსრე ზედაპირები იცვლება, მიმდინარეობს ქრონიკული ანთებითი პროცესი და სახსრის გარშემო არსებული ქსოვილები დეგენერაციას განიცდის. ართროზი სახსრების ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მთელ მსოფლიოში. არსებული სტატისტიკის მიხედვით, ართროზით დედამიწის მოსახლეობის 80% იტანჯება. ამ ტიპის დაზიანებანი ფართოდ არის გავრცელებული და გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებების შემდეგ მესამე ადგილზეა.ართროზის განვითარების ალბათობა ასაკთან ერთად იზრდება. დაავადება თანაბრად გვხვდება ქალებთან და მამაკაცებთან. გამონაკლისია მხოლოდ ფალანგთაშუა სახსრების ართროზი, რომელიც უფრო ხშირად ქალების პრობლემაა. ართროზი სახსარში ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად ვითარდება, რაც სახსარშიდა ხრტილებს ელასტიკურობას უკარგავს. პათოლოგიურ პროცესს შეიძლება ხელი შეუწყოს ხრტილის შემადგენლობიდან პროტეოგლიკანების სრულად ან ნაწილობრივად დაკარგვამ. ეს, როგორც წესი, ხრტილში საკმაოდ ღრმა ნახეთქების განვითარების შედეგია. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, სახსრების ხრტილოვანი ნაწილების რღვევას სხვადასხვა საფუძველი შეიძლება ჰქონდეს: ნივთიერებათა ცვლის და ჰორმონული დარღვევები, სახსრის სისხლის მიმოქცევის მოშლა, მემკვიდრული ფაქტორი, ხანდაზმული ასაკი, ტრავმა, ასევე ისეთი დაავადებები, როგორებიცაა რევმატოიდული ართრიტი და ფსორიაზი. ყველაზე ხშირი და ფართოდ გავრცელებული მიზეზი ართროზისა სახსრებზე არანორმირებული დატვირთვაა, როდესაც ხრტილები ვეღარ უმკლავდებიან თავიანთ ფუნქციას.