ზალკალიანის განცხადება არ გავდა არც მინისტრის, არც სახელმწიფო მოხელის განცხადებას, საერთოდ გასული იყო მომსახურების ზონიდან. რაც ხდება ეს ვანდალიზმია, - ამის შესახებ პალიტრანიუსს დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა აზერბაიჯანული მხარის მიერ დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის მშენებლობის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
არქიმანდრიტი „სპექტაკლს“ უწოდებს იმ განცხადებებს, რაც სამშენებლო სამუშაოების შესახებ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაკეთდა და აცხადებს, რომ გზის მშენებლობაზე, რომელიც მიმდინარეობს, სამი ბულდოზერი მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე საზღვართან აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანა დაიწყო და ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით, ფერდობზე გზა რამდენიმე დღეა, რაც გაჰყავს. საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნული საკითხის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს ინფორმაცია მედიიდან გაიგო და საკითხის დეტალებს გაარკვევს.