კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო აშშ-ის არიზონას შტატში ბარები, რესტორნები, ღამის კლუბები, სპორტული დარბაზები, კინოთეატრები და აკვაპარკები ისევ დაიხურა, - ამ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, აღნიშნული შეზღუდვა ძალაში 30 დღის განმავლობაში იქნება. შტატის გუბერნატორის, დაგ დუსის გადაწყვეტილებით საჯარო სკოლების გახსნა 17 აგვისტოსთვის გადაიდო. გარდა ამისა, აიკრძალა ისეთი ღონისძიებების გამართვა, რომელშიც 50-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.
ცნობისათვის, შტატში კორონავირუსის 75 000-მდე შემთხვევაა დადასტურებული. დაინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა კალიფორნიაშიც, სადაც ორშაბათს კორონავირუსის 7 418 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 223 000-მდე გაიზარდა. ივნისში, აშშ-ის 22 შტატში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა.
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 2 681 000 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელდა 1 117 000 და დაიღუპა 128 783 ადამიანი.