"კარგი ნაბიჯია მეტი ხმების მოსაპოვებლად" - ასეთია მმართველი გუნდის რეაქცია პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბილბორდებზე "ქართული ოცნების" ლიდერების გამოსახვასთან დაკავშირებით. მომხდარში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს პრემიერი. თავდაცვის მინისტრი კი გუნდის პოზიციას განმარტავს რომ ეს მოხდა იმისთვის, რათა მაქსიმალურად დაფიქსირდეს მათი კონსოლიდირებული პოზიცია. საპარლამენტო უმრავლესობაში კი დარწმუნებულნი არიან რომ ამ ხერხის გამოყენება ხმების რაოდენობაზე პოზიტიურად აისახება. პარლამენტის უმრავლესობაში არიან ისეთებიც, ვინც გუნდის სურვილის და მოთხოვნის შემთხვევაში, ბილბორდებზე საკუთარი თავის გამოსახვას სიამოვნებით დათანხმდებოდა. "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად მათი ლიდერების ბილბორდების გამოჩენას, არჩევნების მეორე ტურში პარტიის ახალი სტრატეგიით ხსნის. მიხეილ სააკაშვილი კი ამ საკითხს ტრადიციულად კრიტიკით ეხმაურება.