2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე მიიღეს. ეს დღე საქართველოში დასვენების დღედ გამოცხადდება.საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 25 კანდიდატი მონაწილეობდა. აქედან 19 პოლიტიკური სუბიექტის, ექვსი კი საინიციატივო ჯგუფის მიერ იყო დასახელებული. თუმცა მეორე ტურში გადასვლა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მმართველი პარტია უჭერს მხარს და პოლიტიკური გაერთიანება "ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ შეძლეს. არჩევნები 73 საარჩევნო ოლქში გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 637 და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 საარჩევნო უბანი გაიხსნება. საზღვარგარეთ გახსნილი უბნების რაოდენობა კი ჯამურად 57-ს შეადგენს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 504 082 ამომრჩეველია, საზღვარგარეთ რეგისტრირებულია 14 795 ამომრჩეველი, ჯამში სულ – 3 518 877 ამომრჩეველი.უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის საკუთარი არჩევანის გაკეთების საშუალება ღამის 12 საათამდე ექნებათ. თავად გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს ის, რომ არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს ტარდება, რაც შეიძლება ხელისშემშლელი აღმოჩნდეს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის.რაც შეეხება სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ავღანეთში ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, ისინი არჩევნებში მონაწილეობას 26 ნოემბერს მიიღებენ.