საარჩევნო დღეს ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია. ქვეყნის მასშტაბით დაძაბულობა და დაპირისპირება რამდენიმე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა. სამართალდამცველებმა გლდანის 179-ე საარჩევნო უბანზე ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე რამდენიმე პირი დააკავეს.
ფიზიკური დაპირისპირება გლდანში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის დაიწყო. პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციული წესით 5 პირი დააკავეს.
ხმაური და დაპირისპირება იყო ზუგდიდსა და მარნეულის საარჩევნო უბნებზეც. ასევე გონიოში, სადაც ადგილობრივების ინფორმაციით, დაპირისპირება ლევან ვარშალომიძისა და მურმან დუმბაძის გამოჩენას მოჰყვა.