ბელარუსის ოპოზიციონერმა კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომ რთული გადაწვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და მეგობრებს, ან ოჯახის წევრებს მასზე გავლენა არ მოუხდენიათ. „მეგონა, რომ ამ კამპანიის დროს იმდენად ძლიერი გავხდი, ყველაფერს გავუძლებდი, მაგრამ, ალბათ, ისევ ის სუსტი ქალი ვარ. მივიღე ძალიან რთული გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება მე დამოუკიდებლად მივიღე, მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ჩემზე გავლენა არ მოუხდენიათ. ვიცი, რომ ბევრი გამიგებს, ბევრი გამაკრიტიკებს, ზოგიერთი კი შემიძულებს, მაგრამ არავის ვუსურვებდი ასეთი არჩევანის წინაშე ყოფნას“, - განაცხადა ტიხანოვსკაიამ ვიდეო მიმართვაში. შეგახსენებთ, ცნობილი გახდა, რომ სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ბელარუსი დატოვა და ლიეტუვაში გაემგზავრა. ბელარუსის ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ხმების 80.23% მოიპოვა, ხოლო მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას - ამომრჩეველთა 9.9%-მა დაუჭირა მხარი.