თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მხარეებმა კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა გამოიკვლიეს და ექსპერტები დაკითხეს.პროკურორის შეფასებით, დაცვის მხარის მიერ მოწვეული ერთ-ერთი ექსპერტის კომენტარებმა, შესაძლოა, ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნის ობიექტურობა ეჭვქვეშ დააყენოს. როგორც ზვიად ფხაკაძემ აღნიშნა, ექსპერტმა საკვლევი მასალების გაცნობამდე და გამოკვლევამდე, პირდაპირ ისაუბრა გარდაცვლილებზე მიყენებულ ჭრილობებსა და ამ საქმეში დანების სიმრავლეზე . ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატის თქმით, ექსპერტიზამ, დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში, საქმეში არსებული ორი დანიდან ერთ-ერთის გამოყენება კატეგორიულად გამორიცხა. იზო მაღლაკელიძის თქმით, მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნა განაჩენის გამოსატანად საკმარისი არაა და შესაბამისად, სასამართლო სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობასაც უნდა დაეყრდნოს. ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა, რომ ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც სასამართლოში ბრალდების მხარემ წარადგინა, ძალიან ბევრ მნიშვნელოვან კითხვას ვერ სცემს პასუხს, თუმცა ცალსახად გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დავით სარალიძისთვის სასიკვდილო ჭრილობა აქვს მიყენებული.