მართალია კრიტიკოსები, რომლებიც ბევრს წერდნენ ჯუზეპე ტორნატორის "საუკეთესო წინადადებაზე", ერთხმად აღნიშნავდნენ ფილმის ბრწყინვალე ვიზუალურ მხარეს და ჯეფრი რაშის არაჩვეულებრივ თამაშს, მაგრამ ყველა სხვა საკითხში მათი აზრი ორად გაიყო. ერთმა ნაწილმა ფილმი ჰიჩკოკის ტრადიციების საუკეთესო გამგრძელებლად ჩათვალა, მეორემ კი ტორნატორეს ნამუშევარი ხელოვნების როლსა და ადამიანის ცხოვრებაზე მსჯელობად აღიქვა. გარკვეულწილად ორივე შეფასება გამართლებულია, რადგან იტალიელი რეჟისორის ფილმის მთავარი თემა, მართლაც ხელოვნების შედევრები, ის უკვდავი ფასეულობებია, რაც აზრს მატებს ადამიანის ყოველდღიურ ყოფას. თუმცა სიუჟეტის თავისებური წყობით და მთავარი პერსონაჟით - შეძლებული და ძალიან მარტოსული, ასაკოვანი აუქციონისტით "საუკეთესო წინადადება" ჰიჩკოკის ფილმებს და მის პერსონაჟებასაც ენათესავება. ბერჯილ ოლდმანი რომელსაც პანიკურად ეშინია ცხოვრების და ლოკოკინასავით იმალება საკუთარ ნიჟარაში, სამყაროსგან გამიჯვნის სურვილით არც მეგობრებს პატიჟებს საკუთარ მდიდრულ სახლში, არც ხელთათმანებს იხსნის არასდროს, რათა გადაულახავი ბარიერი შექმნას საკუთარ თავსა და დანარჩენ სამყაროს შორის და თავს კონფორტულად გალერეასა ან აუქციონზე გრძნობს.