არაღიარებული მთიანი ყარაბაღის მონაცემებით, აზერბაიჯანთან კონფლიქტს კიდევ 30 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. მანამდე არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის ე.წ. არმიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 27 სექტემბრის შემდეგ კონფლიქტის შედეგად დაღუპული სამხედროების რაოდენობა 280-მდე გაიზარდა.
აზერბაიჯანის პროკურატურა თავის მხრივ ინფორმაციას ავრცელებს დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების შესახებ. აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ სომხეთის მიერ დასახლებული ტერიტორიების დაბომბვის შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობა 31-მდე გაიზარდა. მათივე ინფორმაციით, კონფლიქტის შედეგად დაშავებულია 154 მშვიდობიანი მოქალაქე. აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურის ინფორმაციითვე, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბარდას რაიონში სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმა განახორციელეს. მათი თქმით, რაკეტები ერთ-ერთ რესტორანთან და სკოლასთან ახლოს დაეცა, რის შედეგადაც 7 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბარდაში თავდასხმა Tochka-U-ის ტიპის რაკეტით განხორციელდა.