არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მარსზე მისი პირველი მისია გაუშვა. კოსმოსური ზონდი „იმედი“ იაპონიის კოსმოსურ ცენტრ „ტანეგაშიმა“-დან გაფრინდა. ის კოსმოსში შვიდთვიან მოგზაურობას წითელ პლანეტაზე დაასრულებს, შემდეგ კი მარსის ორბიტაზე იმოძრავებს და ატმოსფეროს შესახებ დედამიწაზე მონაცემებს გამოგზავნის.
მისიის გაშვებას არაბთა გაერთიანებული საამიროები თავდაპირველად 14 ივლისს აპირებდა, თუმცა უამინდობის გამო პროცესი ორჯერ გადაიდო. ხელისუფლების ოფიციალური ცნობით, ემირატებს მისია მარსზე 200 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა. ქვეყანა ცდილობს, რომ საკუთარი სამეცნიერო და ტექნოლოგიური შესაძლებლობები განავითაროს. მ
ისიის მიზანია მარსის ატმოსფეროს სრული შესწავლა - მათ შორის დღიური და სეზონური ცვლილებების დაფიქსირება.
„როიტერის“ ინფორმაციით, ამჟამად 8 აქტიური მისია იკვლევს მარსს. მათგან ზოგი ორბიტაზე მოძრაობს, ნაწილი კი პლანეტის ზედაპირზე იმყოფება. მიმდინარე წელს მარსზე მისიების გაშვებას ჩინეთი და აშშ-ც აპირებენ.