საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია საზოგადოებას ღია წერილით მიმართავს. დეპუტატი სოციალურ ქსელში ფარული ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებას მორალურ ტერორს უწოდებს. როგორც ბესელია აცხადებს, მოსამართლეთა ჯგუფი, რომელიც იყვნენ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მსახურნი, ყველაფერზე წამსვლელები არიან და ეს მორალური ტერორიც მათი ბრძოლის ნაწილი ჰგონია. ბესელია "ქართული ოცნების" ნაწილს კოლექტიურ მოძალადეებს უწოდებს, რომლებიც მისი თქმით, საზოგადოებამ არ მიიღო. გამოქვეყნებულ მიმართვაში ბესელია მორალური ტერორის ავტორებს უკომპრომისო ბრძოლას და დამარცხებას ჰპირდება.
"2012 წელს გვინდოდა თავისუფლებისთვის და სამართლიანობის აღსრულებისთვის გამარჯვება! გამოგვივიდა??? და ახლა ბოლოს ქართულ ოცნებას მივმართავ: გამოგვივიდა? შევძელით ეს??? დავიწყეთ და ვერ მივიყვანეთ ბოლომდე... კოლექტიური მოძალადე ფრაგმენტულად, მაგრამ დიდი დოზით შემოვიდა ჩვენს "გუნდში"... შიგნიდან დაგვიწყო რყევა და ჯაყჯაყი.... არ მიიღო ჩვენმა საზოგადოებამ ეს გადმონაცვლებული მოძალადე მეოცნების როლში... ვერ მიიღო სამართალი ამ აზელილი "გუნდით"... ვერ მივიყვანეთ სამართლის აღსრულება ბოლომდე... მე-7 წლისთავზე ვწყვეტ შიგნით ამაზე საუბარს, წუხილს და სამდურავს და საჯაროდ ვამბობ ს ა კ მ ა რ ი ს ი ა! სახელი დავარქვათ ყველაფერს! აი რატომ არ შეიძლება ამ რეჟიმის მსახურნი გამოვაცხადოთ მსხვერპლად და ვაწინაუროთ მოსამართლის მანტიის როლში... მე ამას ვერ შევეგუებოდი!!! ეს ჯგუფი საკმაოდ ფესვებგადგმულია და იბრძვის ყველა ფორმით! ეს მორალური ტერორიც ამის ნაწილი მგონია! ჩემი პასუხი? არ ვაპირებდი პოლიტიკური დღის წესრიგით ცხოვრებას და ეს მყარად მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ისევ მათ მაიძულეს და ახლა მიფრთხილდით! ჩვენ თქვენ დაგამარცხებთ იმიტომ, რომ მე დავამარცხე ჩემში ყველა შიში ერთის გარდა" - აცხადებს ბესელია.