ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საზოგადოებისადმი მიმართვას ავრცელებს.
როგორც ბასილაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, არ აპირებს ყოფილ მეუღლესთან საჯარო დისკუსიაში შესვლას და იმის მტკიცებას, რაც არ ყოფილა, ამიტომ სიმართლეს სასამართლოში დაამტკიცებს. ბასილაშვილი მხარდამჭერებსაც მიმართავს და თანადგომისთვის მადლობას უხდის.
"ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ჩემი ოჯახის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. ვგრძნობ თქვენს ყოველწამიერ მხარდაჭერას და სიყვარულს, რისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ.რაც შეეხება, 22 მაისს, განვითარებულ მოვლენებს, ვიმედოვნებ ყველა დეტალი გაირკვევა, ახლა უკვე სასამართლოში და დადგება სამართლიანი განაჩენი, მანამდე კი, არ მსურს ვისაუბრო ჩემს პირად სივრცეზე. არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა. ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის, დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე. ჩემი მიზანია ცხოვრების ამ რთულ ეტაპზე დავიცვა ჩემი სიმართლე ისე, რომ არ დაზიანდეს ლუკასის ინტერესები. სწორედ ჩემ შვილთან, განსაკუთრებული დამოკიდებულება ვალდებულს მხდის, არ ვუპასუხო უსაფუძვლო ბრალდებებს, თუმცა მჯერა, რომ სიმართლეს სასამართლოში, ჩემი იურისტების დახმარებით აუცილებლად დავამტკიცებ", - აცხადებს ბასილაშვილი.