ხმაური და დაპირისპირება დუშეთის რაიონ სოფელ ხანდოსხევთან. მოსახლეობამ ახლად გაყვანილი გზა გადაკეტა, რომელსაც კომპანია "ელექტროტრანსის" მთის ფერდობზე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოებისთვის ჭრის. აქციის მონაწილეები კომპანიის ტექნიკას მუშაობის და გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. მოსახლეობის განმარტებით, ტერიტორია მეწყერ საშიშია და სამუშაოები, რომელიც ენერგეტიკის სამინისტროს დაკვეთით სრულდება სოფლებს განადგურების საშიშროებას უქმნის, ასევე ნადგურდება ხეები და იმატებს სხვადასხვა დაავადების გავრცელების საფრთხე. აქციაზე, დუშეთის რაიონის გამგებლის გამოჩენას ხმაური მოყვა. ადგილობრივებმა ვაჟა ჩოხელი საკითხის მიმართ გულგრილობაში დაადანაშაულეს და სამინისტროსთვის ცრუ ინფორმაციის, მშენებლობაზე მოსახლეობის თანხმობის მიწოდებაში დაადანაშაულეს. კამათი ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. გამგებელის განმარტებით, პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობას ინფორმაცია წინასწარ, გამართულ შეხვედრებზე მიაწოდეს. სამართალდამცავებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. ფიზიკური დაპირისპირების დროს ერთი ადგილობრივი დაშავდა, მას სავარაუდოდ ხელი აქვს მოტეხილი.აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ, მათი თქმით, მძიმე ტექნიკას მუშაობის გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ.