"კარგი ვაჟიშვილი, რომელსაც უყვარს და პატივს სცემს საკუთარ დედას, აუცილებლად კარგი მეუღლე იქნება", - სწორედ ასე თვლიდა ლედი ბლანშ ჰენრიეტა ოგილვი, როცა ქალიშვილს - კლემენტინას, უინსტონ ჩერჩილთან ქორწინებაზე აკურთხებდა და არც შემცდარა, რადგან რომანი, რომლიც ნახევარ საუკუნეზე მეტი გაგრძელდა ერთგულებისა და ნამდვილი სიყვარულის სიმბოლოდ იქცა.
პირველად უინსტონი და კლემენტინა ლორდ კრიუს არისტოკრატულ წვეულებაზე შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც ჩერჩილმა საკუთარი მორცხვობით გააოცა ახალგაზრდა ქალი, რადგან მართალია, გამუდმებით ცდილობდა მის საცეკვაოდ მიწვევას, მაგრამ "გმირობის" ჩადენას მაინც ვერ ბედავდა, რადგან პოლიტიკურ არენაზე შეუდარებელი ორატორი, ქალბატონებთან ურთიერთობისას იბნეოდა, საკუთარი თავის რწმენას კარგავდა და საჭირო სიტყვებს ვერ პოულობდა. შესაძლოა, სწორედ ამიტომ არ სარგებლობდა გოგონების სიმპათიით, რასაც ოთხი უიღბლო ნიშნობაც მოწმობდა. მართალია, კლემი ერთი ნახვით მოიხიბლა მოუხერხებელი, თუმცა საოცრად სასიამოვნო უინსტონით, მაგრამ არისტოკრატულმა აღზრდამ და თავმდაბლობამ პირველი ნაბიჯის გადადგმის უფლება არ მისცა, მეორე შეხვედრას კი, რამდენიმე თვე ელოდა... ჩერჩილმა მორცხვად დაპატიჟა საყვარელი ქალი დიანას ტაძრის ცნობილ როზარიუმში, სადაც ჯერ სიყვარულში გამოუტყდა, მერე ულამაზსი ბეჭედი აჩუქა უზარმაზარი წითელი ლალის თვლით და ბრილიანტებით.