გურჯაანის რკინიგზის დეპარტამენტის მუშებმა შიმშილობა დაიწყეს. ამჟამად ორი რკინიგზელი შიმშილობს. მოშიმშილეებმა კარავი გაშალეს. ისინი ამბობენ, რომ კახეთიდან სამუშაოდ სადახლოს ხაზზე გადმოიყვანეს, არ მიუციათ დამატებითი ანაზღაურება ან საცხოვრებელი ადგილი, ამიტომ ფაქტობრივად შემოსავლის გარეშე დარჩნენ. მუშები დიალოგს და სამუშაოდ კვლავ კახეთში დაბრუნებას ითხოვენ.რკინიგზის დეპარტამენტის შენობასთან მოშიმშილეებთან ერთად პროფკავშირების წარმომადგენლებიც არიან შეკრებილნი. ჯერჯერობით რკინიგზის დეპარტამენტს მოშიმშილეებისთვის არ უპასუხია, თუმცა მათ რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ რეორგანიზაცია საწარმოო აუცილებლობის გათვალისწინებით მოხდა და მუშები სხვა ადგილზე სამუშაოდ იმის გამო გადაიყვანეს, რომ ისინი უსამსახუროდ არ დარჩენილიყვნენ. რკინიგზაში ასევე აცხადებენ, რომ წინასწარ გაიმართა შეხვედრები, მათ შორის პროფკავშირების ჩართულობით და არც ერთ მუშას პრეტენზია არ გამოუთქვამს.